თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატები: ჩვენი წარმომადგენლების პოლიტიკური დევნა გრძელდება

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მათ წევრებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. პარტიის ცნობით, ზესტაფონის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე, თავისუფალი დემოკრატი ოლეგ ჭანკოტაძე თანამდებობიდან ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გაათავისუფლეს. თავისუფალი დემოკრატები აღნიშნულ ფაქტს მათ პოლიტიკურ აქტივობაზე "უსუსური ხელისუფლების პასუხად" აფასებენ.
 
"ახალციხის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის შემდეგ, ახლა უკვე ზესტაფონის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე, თავისუფალი დემოკრატი ოლეგ ჭანკოტაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ოლეგ ჭანკოტაძემ 5 ივნისს საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან სოფელ კდეეთის გზის რეაბილიტაციის 2014 წლის დეკემბერში დამტკიცებული პროექტი, საკრებულომ გააუქმა. 8 ივნისს კი, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახა შავგულიძემ, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების წევრია კონსერვატიული პარტიიდან, სხდომაზე დააყენა ოლეგ ჭანკოტაძის კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი. კენჭისყრაში ოპოზიციური პარტიების არცერთმა წარმომადგენელმა მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა 18 ხმით ჭანკოტაძე გადააყენეს თანამდებობიდან. არც იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს და მმართველი კოალიციის არცერთ წევრს ჭანკოტაძის თანამდებობიდან გადაყენების არგუმენტი არ დაუსახელებიათ. ეს არის უსუსური ხელისუფლების პასუხი თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურ აქტივობაზე რეგიონებში. ეს არის არა მხოლოდ დისკრიმინაცია და პოლიტიკური ნიშნით დევნა, ამ უსამართლო გადაწყვეტილებებით ასევე მნიშვნელოვნად ზარალდება მოსახლეობა. იმ ფონზე, როდესაც თვითმართველობები უფუნქციოა და რეალურად ყველგან სუსი აკონტროლებს სიტუაციას, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები არიან ის კვალიფიციური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას საკრებულოებში. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის გავაპროტესტებთ პოლიტიკური ნიშნით ჩვენი პარტიის წევრების დევნის თითოეულ ფაქტს და სამართლებრივი მეთოდებით ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები