ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

TI: ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში შერჩევითი სამართლის ნიშნებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, "ყოფილი თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას". ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაში, რომელიც TI-მ დღეს გამოაქვეყნა. 

კვლევაში ასევე წერია, რომ სამართალდამცავ უწყებებში 2011 წლის შემდეგ პროგრესს ადგილი არ ჰქონია. TI აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა კვლავაც უხვ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მათი საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო მეტწილად გამართულია.

"თუმცა, ისინი კვლავაც არასაკმარისად დამოუკიდებელნი არიან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რაც გამოიხატება სამართლის შერჩევით გამოყენებაში ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარმოებულ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეში და საარჩევნო კამპანიებში პოლიციის ჩარევის შემთხვევებში. სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შემცირდა არაფორმალური გავლენის შედეგად. დამოუკიდებლობის ნაკლებობა, თავის მხრივ, ამცირებს ამ უწყებების უნარს, გამოიძიონ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები. სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულება პრაქტიკაში უზრუნველყოფილი არ არის, რადგანაც მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევების სათანადოდ გამოძიება, როგორც წესი, არ ხდება", - აცხადებს TI.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ "ყოფილი თანამდებობის პირების რამდენიმე გახმაურებულმა სასამართლო პროცესმა შეშფოთება გამოიწვია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით".

კომენტარები