ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

გერმანიაში დაკავებული გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვებიან

გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვებიან. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Ukrayinska Pravda ავრცელებს.

"უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ" – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ გამოცემასთან საუბრისას.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელი კონსულები უკვე თანამშრომლობენ გერმანელ სამართალდამცველებთან დაკავების მიზეზის დასადგენად და კალანდაძე კონსულის დახმარების აღმოსაჩენად. კალანდაძე ინტერესების დასაცავად საქმეში უკვე ჩართულია მისი ადვოკატი.

გიგი კანდელაკმა უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის განკარგულებით მიიღო.

გიგი კალანდაძის დაკავებაზე ინფორმაცია 19 დეკემბერს გავრცელდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალანდაძის დაკავებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს".

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

კალანდაძეს 2015 წელს ბრალი ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. საქმეზე კალანდაძესთან ერთად ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.

2015 წლის შემდეგ კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა

კომენტარები