თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

პრემიერი: თბილისის აეროპორტს რუსთაველის სახელი დაერქვას

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერს დავით ნარმანიას უკვე ესაუბრა.

"სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა, ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაშია დამკვიდრებული, დღემდე სამწუხაროდ ასეა. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა. მე მინდა ეს უბრალოდ შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ იმსჯელონ ამ საკითხზე. იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა და ჩვენ ვაპირებთ, ამასთან დაკავშირებით შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იუბილე განსაკუთრებით აღინიშნება. 

"იმედი მაქვს, იმსჯელებენ ამ საკითხზე და ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები