თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

"შენ არავინ ხარ, ვერასდროს შემოხვალ" – აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა

ალექსანდრე გიორგაძე/facebook

23 მარტს, დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო პოლიციელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

შემთხვევის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე მოქალაქე ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა. 

ვიდეოში ისმის, რომ მესაზღვრე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს აგრესიულად ეუბნება, "რომ ეს მისი ქვეყანაა და აქ შემოსვლის უფლება არ აქვს". 

"ავიაკომპანია მოვა და უკან დაგაბრუნებს, ეს ჩვენი ქვეყანაა, უკან დაბრუნდი, უარი გეთქვა შემოსვლაზე და ვერც ვერასდროს შემოხვალ, შენ არავინ ხარ". – მიმართავს მესაზღვრე ქალს. 

თემის გასარკვევად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.  უწყება აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მათივე ცნობით, რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას  საქართველოში შემოსვლაზე უარი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ი ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა.

 

კომენტარები