სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

თარხნიშვილი: მოქალაქის უფლების დასაცავად, დეპარტამენტის შექმნა საჭირო არ არის

ლევან თარხნიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, მოქალაქის დარღვეული უფლების დასაცავად, სპეციალური დეპარტამენტის შექმნა საჭირო არ არის. თარხნიშვილი გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის განცხადებას მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის ხუთი ფაქტის გახსნის შესახებ. მისი თქმით, მთავრობა არ ებრძვის დღეს არსებულ კრიმინალს და კორუფციას.

"იქ, სადაც დარღვეულია და თუ არის დარღვეული მოქალაქის უფლებები, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს მყისიერად და ამისთვის არ არის საჭირო რაღაც დეპარტამენტის შექმნა და ამისთვის არაა საჭირო სამი წელიწადი. ხოლო პროკურატურა, თავის მხრივ, უნდა იყოს დაკავებული არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით და პოლიტიკური პიარით, არამედ დღეს არსებულ კრიმინალთან ბრძოლით და დღეს არსებულ კორუფციასთან ბრძოლით, რასაც ის სამწუხაროდ არ აკეთებს", - თქვა თარხნიშვილმა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 4 მარტს შეიქმნა. მისი მიზანია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული ფაქტების გამოძიება. პრიორიტეტი მიენიჭება ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტებს. ასევე ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს ამხელენ.

კომენტარები