სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პროკურატურა: ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გავხსენით

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნა. უწყების განმარტებით, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ ჩარმორთმეული 6 ავტომანქანა და 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად, ვამხილეთ შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით სიდამონიძე, რომელიც თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატიურად ართმევდა მოქალაქეებს ქონებას. სხვადასხვა დროს, 2010-2011 წლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: გიორგი რეხვიაშვილი, პარსამ ზალიანიანი და შმაგი რატიანი. შსს მაღალჩინოსანი დავით სიდამონიძე თავისთან იბარებდა ბრალდებულის ოჯახის წევრებს და ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვდა პოლიციისა და პროკურატურისთვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენას,წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა. პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ გიორგი რეხვიაშვილის ოჯახის წევრებმა 28 000 აშშ დოლარად შეიძინეს "მერსედეს-ბენც ML 350" ავტომობილი, ხოლო 30 000 აშშ დოლარად ჰიუნდაი სონატა. ბრალდებულ შმაგი რატიანის და პარსამ ზალიანიანის ოჯახის წევრებმა კი, ფოლკსვაგენის ცენტრში შეიძინეს 61 200 ლარად და 31 000 აშშ დოლარად ღირებული ფოლკსვაგენ პასატი ფირმის ორი ა/მანქანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა. ხსენებული ა/მანქანები კი გადაფორმდა შსს და პროკურატურის სახელზე და მისით სარგებლობდნენ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ დავით სიდამონიძემ სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის სამივე ეპიზოდი.

"მან თქვა, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული მანქანების მოთხოვნა, მათი ჩუქების გზით მიღება, იყო იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რითაც ბოროტად სარგებლობდნენ პოლიციის და პროკურატურის თანამდებობის პირები. ასევე, მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის, ვამხილეთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ გივი თოდაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, გასცა მითითება, კუდის ბაზაზე გადაეყვანათ ბრალდებულის კუთვნილი რენჯ როვერის და კრაისლერის მარკის ავტომობილები, რომელთა დათმობის სანაცვლოდაც, შემდგომში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას დაეკისრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 195 000 ლარი. ჩამორთმეული ა/მანქანებიდან, ერთ-ერთით, კერძოდ კი, კრაისლერის მარკის მანქანით სარგებლობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია", - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

მთავარი პროკურატურის განცხადებითვე, დანაშაულში მხილებული მესამე საჯარო მოხელე საქართველოს მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირია.

"მისი უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმა ირაკლი მახარაშვილმა დათმო და მიატოვა სოფელ დიღომში მდებარე 357 000 დოლარის ღირებულების 1020 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე. გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო", - აცხადებს პროკურატურა და აღიშნავს, რომ აღდგება ხუთივე დაზარალებულის დარღვეული უფლება.

"პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუბრუნებთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ შსს, პროკურატურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბალანსზე რიცხულ უკანონოდ ჩარმორთმეულ და დათმობილ 6 ა/მანქანას და ერთ უძრავ ქონებას. ხსენებული ქონებების დასაბრუნებლად, პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები