სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პროკურატურა: მოქალაქეებს ჩამორთმეული მანქანები და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ორი ავტომანქანა დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას შეძლებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო.

"დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 24 ნოემბერს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ლევან ჯამაგიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ლევან ჯამაგიძის ოჯახის წევრებს, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს მთლიანობაში 95 568 ლარის ღირებულების ორი ერთეული "ჰიუნდაი IX 35" მარკის ავტომანქანა, რომლებიც ჯამაგიძის ოჯახმა ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ ლევან ჯამაგიძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ ლევან ჯამაგიძეს  დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული ორი ავტომანქანა",- აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, უწყების ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ დეპარტამენტმა უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

"2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით მოქალაქე გიორგი ონიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, გიორგი ონიანმა საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.

სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2011 წელს ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. ქონების ჩამორთმევის მიზნით, თითქოსდა ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს გიორგი ონიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ კუთვნილი 228,38 ჰა დან უკანონოდ დაათმობინეს 120 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი", - აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაზარალებული უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს დაიბრუნებს.    

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 53 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 16 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 149 მოქალაქეს დაუბრუნდა 44 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

კომენტარები