სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი ე.წ. პოლიტპატიმარი გამართლდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, სტურუას განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი "სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება" ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც  მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და დადასტურდა ბახვა სტურუას უდანაშაულობა. ასევე, დადგინდა მისი პოლიტიკური დევნის ფაქტი.

"2011 წლის 21 მაისს, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ბახვა სტურუა მეგობართან ერთად ავტომანქანით ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი გააჩერეს შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მხოლოდ იმ მოტივით, რომ ბახვა სტურუა იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური მოძრაობის წევრი და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, დააკავეს სრულიად უკანონოდ და მისი მსჯავრდების მიზნით ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი".

2011 წლის 01 დეკემბერს, ბახვა სტურუას მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის მიერ მისი პოლიტპატიმრად ცნობის შემდეგ მოხერხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი ბახვა სტურუა უდანაშაულოდ ცნო", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები