სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პროკურატურა: სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდება

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონება უკან დაუბრუნდება. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, "სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს ასევე უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება". ამასთან, პროკურატურა აღნიშნავს, რომ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ, "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 23 აპრილს, პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დააკავა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

"2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას - თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები: მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი და მისი მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სულხან მოლაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას. ამ მიზნით, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ, 2004 წლის 14 ივლისს, 140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება", - აცხადებს პროკურატურა.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, უწყების ცნობით, 2006 წელს, მოქალაქე გია ოქრუაშვილმა თავისი მეგობრის, ვახტანგ მესხის დახმარებით კანონიერად შეიძინა ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

"2010 წლის 01 დეკემბერს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ვახტანგ მესხი, რომელსაც პროკურატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯარიმის სახით გადაიხდიდა 50 000 ლარს და მისი მეგობარი გია ოქრუაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობდა შეძენილ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი.
პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გია ოქრუაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მისი კუთვნილი 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც, მის მეგობარს ვახტანგ მესხს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით", - აცხადებს პროკურატურა და 2011 წლის ნოემბერში ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის შპს აკვარიუმის დირექტორის გიორგი ღონღაძის დაკავებაზე საუბრობს.

"გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაის" მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს თამთა ბახტურიძეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ჰიუნდაის მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები