საარჩევნო კოდექსი

პრეზიდენტი სამართლიან საარჩევნო სისტემაზე: ამ თემაზე უპრეცედენტო კონსენსუსია

Giorgi Margvelashvili Official

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში საარჩევნო საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. დღისწესრიგის მიხედვით კონფერენციაზე მოხსენებით გამოდიან: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი, ინტერპარტიული ჯგუფის, თავისუფალი დემოკრატების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

"დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიან საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადობაში არსებობს არნახული, უპრეცედენტო კონსენსუსი. პრაქტიკულად ყველა პარტიასა და პოლიტიკურ ძალას, ამ საკითხის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, დაფიქსირებული აქვს მხარდაჭერა სისტემის შეცვლისა და უფრო სამართლიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. მსურს, საზოგადოებას გავახსენო ამ ხანგრძლივი პროცესის მოკლე ისტორია. პირველ რიგში, მინდა გავიხსენო კოალიცია ქართული ოცნების შემადგენელი პოლიტიკური ძალების ხანგრძლივი ბრძოლა, როდესაც "ფორუმი", "კონსერვატორები", "რესპუბლიკელები" წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად იბრძოდნენ უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ამ ბრძოლაში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებიც. ისინი ხშირად რადიკალური ზომებითაც კი –შიმშილობის გზით იცავდნენ დემოკრატიის ამ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას, რასაც სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჰქვია. ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაც, იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ, უსამართლოს უწოდებდა და ბუნებრივია, მის პროგრამაში განსაზღვრულია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება. ფაქტობრივად, ყველა პარტია, მათ შორის თავისუფალი დემოკრატებიც, რომლებიც დღეს ცალკე არიან, ამ სისტემას უჭერენ მხარს. დღეს ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდა ამ ცვლილების საჭიროებას. ამ პროცესში ასევე აქტიური როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეგიდით დღეს ტარდება კონფერენცია, რომლის მიზანია, კიდევ უფრო მეტი გაერთიანებისკენ სვლა და ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის ირგვლივ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

მომხსენებლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართება.

კომენტარები