საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ს ფორუმს სიტყვით დღეს მეორედ მიმართა. ღარიბაშვილმა საქართველოში დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის დაწყებისთვის შესანიშნავი პირობებია. პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებაზეც გააკეთა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში,მსოფლიო ბაზრებსა და მიწოდების გლობალურ ქსელებში ინტეგრაციაში ეხმარება და ქართულ ბიზნესს და აქ მომუშავე უცხოელ ბიზნესმენებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
"ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, შვეიცარია, ნორვეგია და იაპონია. ჩვენი მთავრობა იყენებს პრაგმატულ და რაციონალურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ჩვენ წარმატებით უზრუნველვყავით რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნა ქართული პროდუცქციისთვის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს ქართველ ფერმერებსა და ბიზნესებს. აღსანიშნავია ჩვენი კარგი საინვესტიციო შესაძლებლობებიც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უპრეცედენტოდ გაიზარდა. 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, ასეთი ინვესტიციების ოდენობამ მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს. ეს კი არა მხოლოდ 35%-ით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 6 წლის განმავლობაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 64%-ით და გადააჭარბა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის ნახევარს.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს, როგორც ინვესტირებისთვის ხელსაყრელი ადგილის, მიმზიდველობას - დღეს ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას ხელი მიუწვდება 900-მილიონიან ბაზარზე. რეფორმები მიმდინარეობს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საკვები პროდუქტების უსაფრთხოება, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო, საჯარო შესყიდვები და სხვა. ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივმა განხორციელებამ უკვე მოიტანა დადებითი შედეგები: 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით გაიზარდა. პოტენციალი კი ბევრად უფრო დიდია", - თქვა ღარიბაშვილმა.
EBRD-ის 24-ე ბიზნესფორუმი, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1500 წარმომადგენელი ესწრება, ხვალ დასრულდება.





