აბაშიძე-კარასინის ფორმატი

შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაფართოვდეს

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრა პრაღაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ამასთან, შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაფართოვდეს. როგორც ინტერპრესნიუსს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფორმატში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა მიმდინარეობს, ლოგიკურია, შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ესწრებოდეს.

"შეიძლება პატარა ცვლილება იყოს ჩვენს ფორმატში. თუ აქამდე თქვენი მონა-მორჩილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და რუსეთის მხრიდანაც ასე იყო, ახლა შეიძლება, ამ შეხვედრას დაესწროს თითო ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან. რადგან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და არის სპეციფიკური თემები, ეს ლოგიკურია, რომ შეხვედრას ესწრებოდეს იმ უწყების წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც უფრო ჩახედულია ამ თემებში. სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ის წინადადებები, რჩევები, თუნდაც კრიტიკა, რაც გვესმის ხოლმე ჩვენი კოლეგების, თუ ოპონენტებისგან და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები