ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან ნახევარი თეთრით, ევროსთან კი სამი თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ორდღიანი უმნიშვნელო გამყარების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გაუფასურება დაიწყო. დღეს დოლართან მიმართებით ლარი 0.44 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3258 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 3 თეთრით გაუფასურდა, რის გამოც ხვალ ერთი ევრო 2.61 ლარი ეღირება.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკა დღეს 5%-მდე გაიზარდა, რის გამოც მათ, ვისაც ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხი რეფინანსირებაზე აქვს მიბმული, სესხის ღირებულება ნახევარი პროცენტით გაეზარდა. 

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

აპრილში ეროვნული ვალუტა 4%-ით გაუფასურდა, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა ბიუჯეტის ხარჯვამაც იქონია, რადგანაც გასული თვის მანძილზე მთავრობა ბიუჯეტს დეფიციტურად ხარჯავდა. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები