მთავარი პროკურატურა

8 იანვარს მოკლული კობა აღლემაშვილის ნათესავები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

“დაისაჯონ კობა აღლემაშვილის მკვლელები“ - ამ მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართა. 8 იანვარს, ვაზისუბანში, საკუთარ სადარბაზოში მოკლული კობა აღლემაშვილის ნათესავების თქმით, მომხდარში პოლიციელების ბრალი იკვეთება, თუმცა საქმის დეტალები პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს შესწავლილი. ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრას და ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვენ, რომელიც ოჯახს ოთხი თვის განმავლობაში დაუგროვდა.  

კობა აღლემაშვილის მშობლები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ დანაშაულის მოტივი არ იციან. მათივე თქმით, მოკლულს 8 იანვრის ინციდენტამდე 5 თვით ადრეც დაესხნენ თავს, თუმცა სამართალდამცავებმა მომხდარი არ გამოიძიეს. მოკლულის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ დამნაშავეებს მაღალჩინოსნები მფარველობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მათ კითხვებს არ უპასუხებს და მომხდარს არ გამოიძიებს, აქციებს გააგრძელებენ. 

კომენტარები