მთავარი პროკურატურა

2011 წელს პატიმრების ცემისთვის, იზოლატორის ყოფილი უფროსი და ინსპექტორი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გახსნა. საქმე 2011 წლის მაისის აქციების დროს დაკავებულ პირებს ეხება. პროკურატურის მტკიცებით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი და ყოფილი ინსპექტორი პატიმრებს სცემდნენ, ამცირებდნენ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას აიძულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებიდან ერთი ამ დრომდე ისევ პენიტენციალურ დაწესებულებაში მუშაობდა და მეორე - გარემოსდაცვის ინსპექციაში.

"დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები სახალხო კრების წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და საპროტესტო ტალღა ჩაეცხროთ, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავებმა დაიწყეს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, დააკავეს გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც 30-დან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. ისინი შეასახლეს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ  საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.

გარდა ამისა, პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან  არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ თანამშრომლებს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები