ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.
ამ დროისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე (წარმდგენი "ჯეი ემ ჯი და პარტნიორები), იურისტი მერაბ გამყრელიძე (საპროკურორო საბჭოს თავად მიმართა), "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე (წარმდგენი 4 ორგანიზაცია), ადვოკატთა ასოციაციის წევრი რაულ გამისონია (წარმდგენი "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი), კავკასიის უნივერსოტეტის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია (წარმდგენი კავკასიის უნივერსიტეტი), ადვოკატთა ასოციაციის წევრი პაატა გაბელია (წარმდგენი "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი), შპს "ჯი ფი აუთსორსინგის" იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი (წარმდგენი "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი), იურისტი დავით კოდონაშვილი (საპროკურორო საბჭოს თავად მიმართა).
მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.