სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა წარმომიდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა, იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში. არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა; როდესაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა პოსტიდან; როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება - მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მინდა, ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა, მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერმინისტრს, ასევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. 

ამ შემთხვევაში ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას", - თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა.

კომენტარები