მინისტრების ახალ კანდიდატურებს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ, 1 მაისს 10:00 საათზე წარადგენს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, ამ დროისთვის გრძელდება კონსულტაციები კოალიცია ქართული ოცნებასთან.
მთავრობის ხელახალი დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თანამდებობა შვიდმა მინისტრმა დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პრეზიდენტის მიერ მთავრობის წევრობის კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრის ჩასატარებლად 1-კვირიანი ვადა აქვს, თუმცა პროცედურა შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც დასრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტს ნდობა შემჭიდროებულ ვადებში გამოუცხადოს.
ამასთან, გუშინ პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მთავრობას მხოლოდ ორი ახალი მინისტრი ეყოლება - სპორტის და გარემოს დაცვის სამინისტროებში.





