საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის თხოვნა თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახი დაასახელა.
"ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად", - ნათქვამია ხოკრიშვილის განცხადებაში.
ბოლო ერთ კვირაში ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე მეორე მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. მანამდე დავით შავლიაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯამში, ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას დატოვებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გარემოს დაცვის მინისტრამდე მთავრობაში თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.





