ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ 7 ნოემბრისა და ტელეიმედის საქმეზე დღეს გამართული წინასასამართლო სხდომა დატოვეს. მათთან ერთად სხდომიდან წავიდნენ მათი ახლობლები და მეგობრები. ამას წინ უძღოდა ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკური განცხადებები. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესების სამართლებრივ ნაწილში მონაწილეობას აღარ მიიღებს და სასამართლოზე მხოლოდ ახლობლების სანახავად და განცხადების გასაკეთებლად მოვა. თბილისის ყოფილი მერის პროტესტი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდგომ მისი პატიმრობაში დატოვებამ გამოიწვია.
"არანაირი ემოცია არ არის. რა ემოციებზე საუბრობთ. მშვიდად, მშვენივრად ვარ და ვკითხულობ ძალიან ბევრ წიგნს. ემოციურად თქვენ უნდა იყოთ დატვირთული, კონსტიტუციაზე დავლურს რომ ცეკვავთ. გინახავთ, მოსამართლეს მუხლი რომ ვერ მიეთითებინოს? არ ვაპირებ საერთო სასამართლოებთან არანაირ თანამშრომლობას, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სივრციდან არიან გასულები. კონსტიტუცია გათელეთ ფეხქვეშ და ზემოდან დავლური იცეკვეთ იმიტომ, რომ ივანიშვილის ჩმორი გახდა ეს უწყება. თქვენ მე სახელი მკითხეთ. თქვენ ჩემი სახელიც იცით, გვარიც, დაბადების დღეც და ალბათ ხმაც გაქვთ ერთი-ორჯერ მოცემული. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა, გარდა სირაქლემას პოზაში მყოფმა ჩვენმა სასამართლომ. ამის შემდეგ თქვენ გინდათ პატივისცემა? როგორ უნდა მოიპოვოთ პატივისცემა, როცა იმას აკეთებთ, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. როდესაც ადამიანს პოლიტიკურად აპატიმრებთ, ვისი გათავისუფლებაც პოლიტიკურია და არა მოსამართლეზე დამოკიდებული. სასამართლო რომც მოვიგო, დარწმუნებული ვარ, კიდევ რაღაცას მოიგონებს პროკურატურა და თქვენ ისევ ფეხქვეშ დაუწვებით, როგორც ახლა. ამიტომ, საქართველოში უნდა დადგინდეს ერთი რამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. კონსტიტუციის მე-18 თავის მეექვსე მუხლი - ბრალდებული არ შეიძლება წინასწარ პატიმრობაში იყოს 9 თვეზე მეტი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც არ არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, ცხრა თვის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს. იმ ინტერპრეტაციით, როგორც პროკურატურა და სასამართლო ხელმძღვანელობთ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთელი ცხოვრება ადამიანი შეიძლება გყავდეთ ციხეში ისე, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყოს გამოტანილი. არანაირი კანონის პრობლემა არ არის. ეს არის მორიგი ტყუილი და არასდროს არავინ გაჭამოთ. ეს პირადად მოსამართლეების პრობლემაა. პრაქტიკა გაქვთ ათასნაირი და როგორც გინდათ კერავთ და ჭრით, იმის მიხედვით, თუ როგორ დავალებას მიიღებთ. მანდ გაქვთ სარჩელი, რომლის ილუზიაც არ მაქვს, რომ დააკმაყოფილებთ. თქვენი პასუხი მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს საკონსტიტუციო საბჭოს ავაკრა, როგორც დასტური იმისა, რომ თქვენ კონსტიტუციაზე დავლურს ცეკვავთ. თქვენი პასუხი სხვა არაფერში მჭირდება. წინასწარ ვიცი, თუ რა პასუხიც გაქვთ, გამზადებული შაბლონი, რომელიც არაფრით იქნება განსხვავებული გოგინაშვილის, სანოძის თუ კოპალიანის გადაწყვეტილებებისგან", - მიმართა უგულავამ მოსამართლეს და სხდომა დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გიგი უგულავას გათავისუფლებას. ბრალდების მხარემ დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა,რადგან ამ საქმის პროკურორები სხვა პროცესზე იმყოფებოდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას სარჩელი შევა. ადვოკატის განმარტებით, სარჩელში მოთხოვნილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის პრაქტიკის დასრულება.
7 ნოემბრისა და ტელეიმედის საქმეზე გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სხვა ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 აპრილს, 11:00 საათზე განახლდება.




