პანკისის ხეობა

ნოდია: ხელისუფლებისთვის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ოპონენტებთან ქიშპობაა

თეორემა/ტაბულა

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირებას უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ობიექტური უსაფრთხოების საკითხებს. ამის შესახებ ნოდიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, დგას ხელისუფლების კომპეტენტურობის საკითხი როგორც სხვა სფეროებში, ისე აქაც. სპეცსამსახურები როგორ მუშაობენ ან როგორ არ მუშაობენ, მე ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს და ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ცოტა არასერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას.

რიტორიკა ყოველ შემთხვევაში ის არის, რომ ამ საკითხშიც ისევე როგორც ყველა სახვა საკითხში, არის წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობების გარკვევა, რომ აი, იმის დროს მეტი ხალხი წავიდა პანკისიდან, ვიდრე ჩვენს დროს და თუ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მართლაც უფრო მეტი ხალხი წავიდა პანკისიდან, აი, მაშინ არაუშავს და თუ ამათ დროს წავიდა, მაშინ უშავს. სწორედ ამაშია პრობლემა ანუ მთელი ცნობიერება ამაზეა მომართული - პარტიულ დაპირისპირებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ობიექტური უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა ნოდიამ.

ნოდიას თქმით, პანკისის ხეობის ინტეგრაციის საკითხზე უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო. მან ასევე დაამატა, რომ არსებობს სტრატეგიულად უფრო სერიოზული პრობლემა, რომ ისლამური რადიკალიზმის ე.წ. ბაცილა პანკისიდან არ გამოვიდეს. 

"ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, პანკისის შემთხვევაში უშიშროების სამსახურების პროაქტიულ მუშაობასთან ერთად საჭიროა ზოგადად ამ ხეობის ინტეგრაციაზე ზრუნვა. თუმცა არსებობს სტრატეგიულად უფრო სერიოზული პრობლემა, რომ ეს ისლამური რადიკალიზმის ბაცილა პანკისიდან არ გამოვიდეს. პანკისში რატომაც შეაღწია, ეს ყველაფერი ვიცით, ერთხელ რო შეაღწევს მერე ძნელია, რომ აღარ არსებობდეს. როგორც ჩანს ახალგაზრდების ნაწილისთვის ეს რადიკალიზმი მომხიბლავი, რომანტიკული იდეაა", - განაცხადა ნოდიამ.

გია ნოდიას შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მუსლმი მოსახლეობის მიმართ გატარებული პოლიტიკის პრობლემა. მისი თქმით, ქვეყანამ სწორი პოლიტიკა უნდა შეარჩიოს, რათა მუსლიმ მოსახლეობას იმის შეგრძნება არ გაუჩნდეთ, რომ ისინი მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები არიან, რამდენადაც ასეთი განცდის სათავისოდ გამოყენება იმ ხალხს შეუძლია, ვისაც ამ რეგიონებიდან ახალგაზრდების რეკრუტირება სურს.

"ძირითადად პანკისიდან არის ხალხი, მაგრამ მხოლოდ პანკისიდან არა. ჩვენ გვყავს გაცილებით უფრო დიდი ისლამური მოსახლეობა, როგორც ეთნიკურად ქართველები, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომელიც აქამდე მაინცდამაინც რადიკალური ისლამის გავლენის ქვეშ არ ყოფილან, მაგრამ ეს უკვე იცვლება. განსხვავებით დასავლეთის ისლამისგან, სადაც არის ახალი ჩასული ემიგრაციის პრობლემა, ჩვენთან არის ისტორიულად მკვიდრი მოსახლეობის პრობლემა. ამიტომ აქ არ უნდა მოხდეს ამ ბაცილის ასე გადასვლა.

ეს აღარ არის უკვე სპეცსამსახურების საქმე, ეს არის ზოგადად საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მიმართ პოლიტიკის პრობლემა, რომ მათ არ უნდა იგრძნონ თავი მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად, ასეთი განცდა არ უნდა გაუჩნდეთ იმიტომ რომ ეს განცდა იქნება ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმ ხალხისათვის, ვისაც მოუნდება ამ რეგიონებიდან ახალგაზრდების რეკრუტირება.

ეს პრობლემა აი, ამ უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნას დანახული და არამხოლოდ ის, რომ რომელიღაც სოფელში ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს, რომ არ გავხსნათ მეჩეთი. სერიოზულად, სტრატეგიულად უნდა იყოს დანახული ზოგადად ისლამის პრობლემა საქართველოში და ეს უფრო ფართო კონტექსტში უნდა იქნას განხილული. სამწუხაროდ, ამის დანახვის ნებას მაინცდამაინც ვერ ვხედავ" , - განაცხადა ნოდიამ.

კომენტარები