ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთის ტეროტორიაა. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა კომსომოლსკაია პრავდასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ ის პრეზიდენტი გახდება, აღიარებს თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, ბურჯანაძემ უპასუხა: „ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ეს შეუქცევადი პროცესია".

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად „პოროშენკოს გადაწყვეტილება არ ყოფილა".

„ვფიქრობ, ეს ამერიკული პროექტის ნაწილია - რაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქართველოში, უნდა განახორციელონ უკრაინაში. დასავლეთში მოქმედებს პრინციპი: თუ პრორუსი ხარ, შენი მოკვლა და დაპატიმრება შეიძლება, ნამცხვრებით არავინ გაგიმასპინძლდება. თუ რუსეთს აგინებ, შენთვის ყველაფერი შეიძლება. ყოველთვის მწამდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ როდესაც ჩვენ სააკაშვილის წინააღმდეგ დემონსტრაციებს ვატარებდით, დასავლეთმა ის დაიცვა, ამერიკის ელჩმა დემონსტრაციის დარბევას მწვანე შუქი აუნთო. და როცა ქალბატონი ნულანდი მაიდანზე ნამცხვრებით დავინახე, ეს ამაზრზენი იყო", -განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები