ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე მინსკის კონფერენციაზე გამოვიდა, ლუკაშენკოს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე მინსკის საერთაშორისო კონფერენციაზე, 2025 წლის 29 ოქტომბერი.
belta.by

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრორუსული პოზიციებით ცნობილი ნინო ბურჯანაძე მინსკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ერთ-ერთ პანელზე ექსპერტადაც იყო მიწვეული. 

გავრცელებულ ვიდეოში ბურჯანაძე, რომლის გვერდითაც ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის პუტინთან დაახლოებული ლიდერი, მილორად დოდიკი იდგა, ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ლუკაშენკომ ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა, რომ მის სიტყვა "ყურადღებით უსმენდა". ბურჯანაძემ ბელარუს დიქტატორს "შესანიშნავი ორატორი" უწოდა. 

"მოხარული ვარ აქ ყოფნით. კარგი იქნებოდა თქვენთან შეხვედრა." - უთხრა ბურჯანაძემ ლუკაშენკოს.

პასუხად ლუკაშენკომ ბურჯანაძე შესახვედრად დაპატიჟა.

"მობრძანდით, მობრძანდით, როცა თავისუფალი დრო იქნება, ბევრ საკითხს განვიხილავთ." - უთხრა ბურჯანაძეს ლუკაშენკომ.

ევრაზიული უსაფრთხოების მინსკის მესამე საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე ბურჯანაძემ მსოფლიოში არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა. ბურჯანაძის აზრით, მსოფლიო არასდროს ყოფილა ახლოს კარიბის კრიზისთან ისე, როგორც ახლა. მისივე მტკიცებით, მსოფლიოში არსებობს ისეთი რეალობა, რომ მსოფლიო წესრიგზე საუბარი შეუძლებელია. ბურჯანაძის მტკიცებით, საერთაშორისო სამართლის ნორმები აღარ მოქმედებს და მათ აღარავინ მისდევს.

გასულ დღეებში მინსკის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. ღონისძიებას ესწრება უნგრეთის საგარეო უწყების მეთაურიც, პეტერ სიიარტო.

კომენტარები