ზურაბ ადეიშვილის საქმე

თარხნიშვილი: ინტერპოლის გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას ადასტურებს

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ინტერპოლის სიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აღარ იძებნება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები".

"სწორედ ამის მაჩვენებელია ინტერპოლის გადაწყვეტილება. პრინციპში, ამის მაჩვენებელი იყო საფრანგეთის და საბერძნეთის სასამართლოების გადაწყვეტილება. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არასდროს არ დაიწყებდნენ ძებნის პროცესს იგივე მიხეილ სააკაშვილზე თუ მთავრობის სხვა ყოფილ წევრებზე. ყველა ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია და პარტნიორი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნის პროცესი. დროა, მთავრობამ გაითვალისწინოს ეს შენიშვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე", - განაცხადა თარხნიშვილმა.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში აღარ იძებნება. როგორც ცნობილია, დაცვის მხარემ მიმართა ინტერპოლს, რომ მოეხსნათ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან, თუმცა ადვოკატს ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები