აშშ-ავღანეთი

ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების საბოლოო გაყვანა 2017 წლისთვის იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესს შეანელებს. მისი თქმით, 2015 წლის ბოლოს ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობა 9800-მდე შემცირდება, ხოლო ჯარების საბოლოო გაყვანა 2017 წლისთვის იგეგმება.

ობამამ განმარტა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ქვეყანაში ავღანელი მეომრების საწვრთნელად, ასევე თალიბანისა და სხვა მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად დარჩებიან. ამის შესახებ მან თეთრ სახლში, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

“როგორც მთავარსარდალი, ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნება, თუ ჯარების გასაყვანად დამატებით დროს მოვითხოვთ. გეგმის შესრულების საბოლოო ვადა არ შეიცვლება, თუმცა, საბრძოლო ვითარებაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად ამ ეტაპზე დამატებითი დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ ძველი გეგმის მიხედვით, ავღანეთში მყოფი ამერიკელი მებრძოლების რაოდენობა 2015 წლის ბოლოსთვის უნდა განახევრებულიყო, თუმცა, ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთის ლიდერებთან გაუმჯობესებულმა ურთიერთობამ მათ გეგმის შეცვლის შესაძლებლობა მისცა.

კომენტარები