ვიზა ლიბერალიზაცია

ბაქრაძე: რუსეთის ქმედებებზე დაუყოვნებლივი პასუხი ვიზა ლიბერალიზაციაა

http://greece.mfa.gov.ge/

პირველი და დაუყოვნებლივი პასუხი რუსეთის ქმედებებზე, ვიზა ლიბერალიზაციაა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე EurActiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.

ბაქრაძე წერს, რომ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება ბოლო ნაბიჯია იმ მოვლენებიდან, რომელიც უკიდურესად საგანგაშო ტენდენციას გვიჩვენებს.

"რუსეთის მიზანს ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ანექსია წარმოადგენს. ამის მისაღწევად რუსეთი წინააღმდეგი არ არის, ხისტი ძალა გამოიყენოს - იძალადოს თავის მეზობლებზე და შელახოს მათი ტერიტორიული მთლიანობა. როგორ შეიძლება, დასავლეთმა ამას უპასუხოს? გააანალიზოს ახალი ხედვა რეგიონში ურთიერთობებისა, რომელიც თავისუფლებაზეა დაფუძნებული და არა იარაღის გამოყენებასა ან მისით მუქარაზე. უპირველესი და დაუყოვნებლივი ნაბიჯი ამაზე უნდა იყოს ვიზალიბერალიზაცია", - წერს ბაქრაძე.

მინისტრის აზრით, საქართველოს შემთხვევაში სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას.

"საქართველოს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ "თავისუფლებით", რაც დაუყოვნებლივ იქნება საგრძნობი. დამატებით ეს იქნება კონკრეტული მანიფესტი "მეტი უფრო მეტისთვის" მისაღწევად. ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრთათვის ეს იქნება სიმბოლო, თუ რას მიიღებენ ისინი მავთულხლართების მოშორების შემთხვევაში", - წერს ბაქრაძე.

წერილში წერია, რომ საქართველო, ევროკავშირი და რეგიონი ამ პროცესის მალე დასრულებით უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე მოგვიანებით დამთავრებით.

"უვიზო მიმოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ტურისტს, მეტ კულტურულ და სტუდენტურ გაცვლით პროგრამას, უფრო მეტ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების კუთხით. ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის არის მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი, ტურიზმის, ბიზნეს და აკადემიური ვიზიტების გამარტივებისთვის. საქართველო არის ქვეყანა გამჭვირვალე მმართველობით, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონით, ეფექტური, ნდობის ღირსი სასამართლო სისტემით და ბიზნესისთვის მეგობრული გარემოთი. მაშინ, როდესაც ახალი რკინის ფარდის ჩრდილი ემუქრება ევროპას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს ალტერნატიული, ხარისხობრივად განსხვავებული მომავლის ხედვა შევთავაზოთ", - წერს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს ერთი მხრივ პასპორტების გადაცემას და მეორე მხრივ საზღვრების დახურვას, არ იქნება გაზვიადებული ითქვას, რომ ევროპის მომავალი ამ საკითხებზეა დამოკიდებული.

კომენტარები