ვიზა ლიბერალიზაცია

პეტრიაშვილი: ვაპირებთ, რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლაზე მხარდაჭერა მივიღოთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბათუმში კონფერენციის - საქართველოს ევროპული გზა ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიმდინარეობს თემატური სესია - აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისკენ - ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება. მინისტრის განცხადებით, სესიის ძირითადი თემაა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მისივე თქმით, მომავალ წელს რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის თაობაზე საქართველო მხარდაჭერას მიიღებს.

"ძირითადი თემაა ასოცირების ხელშეკრულებით და ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმების იმპლემენტაცია. ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების მხრიდან და გვაქვს ეს მხარდაჭერა. მათ აღგვიქვეს ეს მხარდაჭერა მომავალშიც და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ აქტიურად. მეორე, რაზეც ვისაუბრეთ, არის საქართველოს მომავალი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი საბოლოო გეგმა და მიზანია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლატვიის კონკრეტულად ამ პროცესებში. მომავალ წელს არის რიგის სამიტი, სადაც ჩვენ გვაქვს ლატვიის მხარდაჭერა და ვგეგმავთ, რომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მივიღოთ მხარდაჭერა", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები