ვიზა ლიბერალიზაცია

ირაკლი ღარიბაშვილი დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

"ევროკავშირი საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებას მიესალმება", - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ინფორმაციით, ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოს, რათა სამოქმედო გეგმის მეორე ფაზა ასევე დადებითად შეფასდეს. ამ მიზნით, პირველი მისია საქართველოს 24 ნოემბერს ეწვევა.

"შეხვედრისას პრემიერმა იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; მიგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; თომას ჰამერბერგის რეკომენდაციების შესაბამისი ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. მთავრობის მეთაურმა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციისთვის მზად არის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ისინი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. შეხვედრების მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესრულება, ვიზალიბერალიზაცია და რიგის სამიტი იქნება.

კომენტარები