ვიზა ლიბერალიზაცია

კვირიკაშვილი: საჭიროა სავიზო შეზღუდვების გამარტივება და ლიბერალიზაცია

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს მიღებული სავიზო შეზღუდვების გამარტივება და ლიბერალიზაცია. მისი თქმით, ამ პროცესში ბიუროკრატიის კუთხით გადაჭარბება მოხდა.

„მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში გარკვეული გადაჭარბება მოხდა ბიუროკრატიის კუთხით და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ. უკვე მზად არის პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და ჩვენ თხოვნა გვექნება, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს ამ პაკეტის მიღება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

ეკონომიკის მინისტრის გეგმაა, გაკეთდეს კალენდარი მასშტაბური საერთაშორისო კონცერტების და ფესტივალების ჩატარებისთვის.

„ასევე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა ბაზარზე და რამოდენიმე მათგანთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ესენია EasyJet, Ryanair და ასევე AirBerlin-საც ველაპარაკებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ნაბიჯებია გაწერილი, სახელმწიფოს პოლიტიკა ფრენების შესრულების სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე როგორ უნდა შეიცვალოს და ასევე ავიაკომპანიები როგორ უნდა წახალისდნენ.

„ეროვნული ავიაკომპანიების სტიმულირების კუთხით ვმუშაობთ, რათა მივცეთ მათ საშუალება, ტურისტების გაყვანის კუთხით, ჩარტერული რეისების კუთხით მივცეთ მათ პრეფერენციები. ასევე ჩარტერული რეისების სუბსიდირების პაკეტს ჩავუშვებთ სულ მალე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები