გიგი უგულავას საქმე

ევროპარლამენტარები: უგულავა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია

თბილისის ყოფილი მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით 17 ევროპარლამენტარი შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი. ევროპარლამენტართა აზრით, ამის მიზეზი 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა.

წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა შეიძლება, განხილულ იქნეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის არიან - რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი).

კომენტარები