კეზერაშვილის საქმე

კონტრაბანდული სპირტის საქმეზე კეზერაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

AFP.com

ე.წ კონტრაბანდული სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. ამ გადაწყვეტილებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 27 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. დავით კეზერაშვილს ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამის სახით აღება ედებოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ერთი - ტელეკომპანია იმედის და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. ასევე, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები