საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

არქიმანდრიტი ანთიმოზი: წამოვედი ეკლესიიდან, ჩემი ნებით გავედი პენსიაში

2013 წლის 17 მაისის მდუმარე აქციის ძალადობრივი დარბევის მონაწილე, არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი პენსიაში გავიდა. ამის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე განაცხადა. წამოსვლის მიზეზი, როგორც სტატუსიდან ირკვევა, კიდევ ერთი გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ჩანს, რომ არქიმანდრიტი იგინება. არქიმანდრიტი გინების ფაქტს უარყოფდა და ამჯერადაც, ლგბტ თემს მის დამონტაჟებას აბრალებდა.

"ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)", - წერს ბიჩინაშვილი. გინების ამსახველი ვიდეომასალა facebook-ის პირად გვერდზე მომხმარებელმა ეთო გავაშელიშვილმა ატვირთა, რომელიც ლგბტ უფლებადამცველმა გამოცემამ, "17 მაისმა" გაავრცელა.

ანთიმოზ ბიჩინაშვილის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ის ნებაყოფილობით წამოვიდა ეკლესიიდან. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა, მღვდელმა მიქაელ ბოტკოველმა გამოცემა "17 მაისს" განუცხადა, საპატრიარქოში გინების დადასტურების შემთხვევაში, მისთვის კანონიკური სასჯელის დაკისრებას აპირებდნენ. საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირება ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა ამ დრომდე ვერ ახერხებს.

კომენტარები