შინაგან საქმეთა სამინისტრო

საია: სისტემის მამხილებელმა პოლიციელმა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი დაიცვა

"პოლიციელმა, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის წევრს, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი დაიცვა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი შსს-ს თანამშრომლის მიერ გივი თარგამაძისთვის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის გადაცემის ფაქტს.

ნაცვლიშვილის თქმით, პოლიციელ რუსლან ბაზიაშვილის მიერ გივი თარგამაძისთვის მიწოდებულ მასალებში სერიოზული დარღვევაა ასახული, რაც გამოძიებას საჭიროებს.

"კადრებში, რომელიც მან მიაწოდა თარგამაძეს, ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევა და საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს თავად ეს ფაქტი. უფრო მნიშვნელოვანია, ამ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, მართლაც ჰქონდა თუ არა  მფარველობას და კანონდარღვევას ადგილი შესაბამისი პირების მხრიდან, რომლებიც ამ ფირზე არიან აღწერილი. პოლიციელი ამ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელმაც სისტემა შიგნიდან ამხილა იმ მანკიერების შესახებ, რომელიც მან დაინახა. თუ ჩვენი კანონმდებლობა ასეთ ადამიანებს იცავს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში წერია, რომ იცავს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანიც და მისი ქმედებაც უნდა იყოს დაცული", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, გუშინდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და შსს-ს კიდევ რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი, მამხილებელი პოლიციელების წინააღმდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ამ ინფორმაციას უკანონოდ ავრცელებდნენ. მითითებული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა  ქ.თბილისის პროკურატურას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა. 

აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. 

კომენტარები