შინაგან საქმეთა სამინისტრო

"ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოჰქონდათ" – შსს-მ სქემაში ჩართული 21 პირი დააკავა

შსს-მ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნა, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინა, დააკავა და პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.

"ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეტადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინისა“ და ,,მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ".-აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები