შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

"ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევას", აქტიურად ერთვებოდნენ სადავო საკითხების განხილვაში, ასევე, "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

"ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, "ქურდული სამყაროს" წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებას".- აღნიშნულია განცხადებაში

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს", ნ.ფ.-ს მეტსახელად "ბურდღუნიჩს" მიმართეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები