არასამთავრობო ორგანიზაციები

საია: თოფაძე ცალსახად ემუქრება განსხვავებულად განწყობილ ორგანიზაციებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ის განცხადება, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გააკეთა, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის არ არის დამახასიათებელი. 

”საია ვერანაირად ვერ მიიღებს კრიტიკას, რომ ჩვენი საქმიანობა რაიმე სახით ან დოზით არის არასახელმწიფოებრივი ან ძირს უთხრის სახელმწიფო ინტერესებს. ასეთი ტიპის განცხადებები არ არის დამახასიათებელი არცერთი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსისთვის და ცალსახად მიმართულია იქით, რომ დაემუქროს განსხვავებულად განწყობილ ადამიანებს და ორგანიზაციებს”, - განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა ანი ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გოგი თოფაძემ საერთო გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ "ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ... მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ".

კომენტარები