გიგი უგულავას საქმე

ლომჯარია: უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციის პრინციპს არღვევს

netgazeti.ge

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მეორედ შეფარდება კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების პრინციპის დარღვევაა. ამის შესახებ ლომჯარიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემში თქვა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას გაავრცელებენ.

"ვაპირებთ, საკითხს გამოვეხმაუროთ, რადგან არის არასწორი მიდგომა. თუ ასეთი პრაქტიკით გააგრძელებს სასამართლო და პროკურატურა მუშაობას, მაშინ შესაძლებელია, ნებისმიერი პირის მიმართ თითქმის უვადო პატიმრობა გამოყენება. სხვადასხვა ბრალის წარდგენის გზით შესაძლებელი იქნება ადამიანის პატიმრობაში დატოვება, რაც არღვევს კონსტიტუციის პრინციპს. კონსტიტუცია ადგენს, რომ ცხრა თვის განმავლობაში შეიძლება იყოს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში. ასე კი, თეორიულად იქნება შესაძლებელი, ბრალდებული წლების განმავლობაში იჯდეს ციხეში ისე, რომ საბოლოოდ არც ერთი დანაშაული არ დადასტურდეს. ესაა ის საკითხი, რომელსაც ჩვენც გამოვეხმაურებით და მე ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების პრინციპის დარღვევას" - განაცხადა ლომჯარიამ თეორემაში.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა და რადგან, საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ის უნდა გათავისუფლებულიყო. თუმცა, ორი დღის წინ, პროკურატურამ მას ახალი ბრალი წარუდგინა 7 ნოემბრის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, უგულავას აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები