კრიზისი უკრაინაში

აშშ უკრაინას არალეტალურ სამხედრო დახმარებას გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების სახით არალეტალურ შეიარაღებას - მათ შორის უპილოტო მზვერავ აპარატებს და ავტომანქანებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა პეტრო პოროშენკოსა და ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. სულ დახმარების მოცულობა 75 მილიონ დოლარს შეადგენს. დრონებისა და 230 სამხედრო ავტომანქანის გარდა, ვაშინგტონი კიევს ანტისაარტილერიო რადარებს, ღამის ხედვის ხელსაწყოებსა და კავშირგაბმულობის საშუალებებს გადასცემს.

ამავე დროს, ვაშინგტონი ისევ თავს იკავებს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებისგან. ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს.

"უკრაინის არმიისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას შესაძლოა რამდენიმე შედეგი მოჰყვეს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა სისხლისღვრის კიდევ უფრო გაზრდა იყოს. ჩვენი ძალისხმევა კი მიმართულია იქითკენ, რომ მხარი დავუჭიროთ მოლაპარაკებებს, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა. პრეზიდენტი ამის შესახებ ფიქრობს, მას არ დავიწყებია, რომ პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს. არ იქნება გონივრული ვიფიქროთ, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია უკრაინის არმია იმ დონეზე გააძლიეროს, რომ მას რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან გამკლავება შეეძლოს. ამან შესაძლოა გარკვეული ესკალაცია გამოიწვიოს და რუსეთისა და სეპარატისტების მხრიდან გარკვეული პასუხის პროვოცირება მოახდინოს", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.

ამერიკელი კონგრესმენები კი, უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას ითხოვენ. სახელმწიფო მდივანმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საკითხი ისევ განხილვის სტადიაშია. ჯონ კერიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზეც ისაუბრა. სანქციები სეპარატისტთა ლიდერებს, ასევე რუსული ევრაზიული მოძრაობის ლიდერს ალექსანდრ დუგინს და მის ორ თანამოაზრეს შეეხო. ასევე ბლოკირებულია კიდევ ერთი რუსული ბანკის - ეროვნული კომერციული ბანკის აქტივები.

"დღეს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა სანქციების ინიცირება რვა სეპარატისტის, რუსეთის პროსეპარატისტული მოძრაობის სამი ლიდერის, ასევე იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი წევრების  მიმართ. ასევე გადავცემთ უკრაინას 75 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებით არალეტალურ დახმარებას. სხვა სახის დახმარება, როგორც იცით, ახლა განხილვის სტადიაშია", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

კომენტარები