ეკონომიკური კრიზისი

ბესელია: რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა ენმ-ის პოლიტიკური კაპრიზია

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ენმ-ის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას "პოლიტიკურ კაპრიზს" უწოდებს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტისგან სხდომის მოწვევა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა.

"მთავრობის ღონისძიებებს რაც შეეხება, ვნახეთ, რომ ამ დროის განმავლობაში გარკვეული დადებითი ეფექტი მივიღეთ ეროვნული ვალუტის გამყარების კუთხით. არ მესმის, ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, ახლა, როდესაც ჩვენ სასესიო კვირას ვამზადებთ და ამ კვირაში სწორედ იმ კვირის დღის წესრიგისთვის საჭირო საკითხები მზადდება საკომიტეტო განხილვებში, რას ემსახურება, თუ არა პოლიტიკურ კაპრიზს, რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე განცხადებები ვისმინოთ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს პროდუქტიული და არ მგონია, რომ ეს იყოს რაციონალური", - თქვა ბესელიამ.

ენმ რიგგარეშე სესიაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მოწვევას და ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობას ითხოვს.

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს ეკონომიკის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულ უნიათობას და უუნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომ მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა, რათა განხილულ იქნეს ჩვენი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ფართომასშტაბიანი გეგმა. პრეზიდენტი პასუხისმგებელი და ვალდებულია, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი აქტი. იმიტომ, რომ ეს საკითხი შედის უკვე საზოგადოების ინტერესთა #1 რიგში", - თქვა ბეჟაშვილმა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს თავისუფალი დემოკრატებიც მიმართავენ. ისინი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას დღეს ბიუროს სხდომაზეც მოითხოვენ. თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევაც სურთ.

კომენტარები