სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

თარგამაძე მთავრობას: თქვენთვის განაჩენს წერს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, მთავრობამ მმართველობის ორწელიწად-ნახევრის თავზე შექმნა "კიდევ ერთი ფიქტიური ორგანო, დეპარტამენტი" და კიდევ უფრო დაშორდა ქვეყნის თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და პრობლემატიკას. თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის განაჩენს წერს არა მათი ნათესავები, არამედ, ქართველი ხალხი.

"ბიძინა ივანიშვილის ამ ახალი სათამაშოთი გაერთეთ და ისევ არ შეიმჩნიოთ თქვენს გარშემო არსებული მძიმე რეალობა. არ შეიმჩნიოთ თუნდაც ის, რომ ამ ბრიფინგის დამთავრებისთანავე ყველა და არა მხოლოდ რუსთავი 2-ის ახალი ამბების გამოშვება გაგრძელდა ჯგუფური ყაჩაღობით მთელ რიგ სავაჭრო ობიექტებზე, გაგრძელდა პურის ფასის გაძვირებით, ეკონომიკური პრობლემებით და იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა ყველა ორგანო. მერია, რომელშიც ყოველდღიურად იჭერენ კორუფციაში ჩართულ რიგით თანამშრომლებს, ხოლო ამ კორუფციის შემქმნელებს და მამამთავრებს სპეციალურად მათთვის, მარგიშვილის მაგვარად უქმნიან ახალ-ახალ დეპარტამენტებს. ესეც არ შეიმჩნიოთ. არ შეიმჩნიოთ ისიც, რომ თქვენივე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი იძახის, რომ თურმე ბევრი ფული ტყდება საგზაო ტენდერებიდან, მაგრამ მითხარით, მიმანიშნეთ, სად ხდება, რომ მივიდე და ვნახოო. მიგანიშნებთ კი არა, მთლიანად პაკეტს მოგცემთ, სადაც მიგითითებთ ზუსტად ამ ხნის განმავლობაში, სად რამდენი ფული მოტყდა. საკმარისი არ არის განა ის, რომ ერთ პირთან 30 მილიონი გაქვთ პირდაპირი მოლაპარაკებებით გაცემული. აქედან 8 მილიონი ავანსად გაეცით. ეს სულ მოტეხილი ფულებია. არ შეიმჩნიოთ ის, რომ იარლიყებს კიდებენო და ადამიანი, რომელიც უზრდელურად იქცევა მუდმივად იმის გამო, რომ არა ღარიბაშვილის, არამედ ივანიშვილის პირადი წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობაში (ფაქტობრივად, საგარეო საქმეთა მინისტრიც გახდა), პედალირებას უკეთებს ყველა თემას, რომელსაც დააანონსებს ლავროვი. არ შეიმჩნიოთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გააუფასურა რკინიგზა და ახლა ცდილობს იმ ოლიგარქიული ოცნების შესრულებას, რომელსაც ყველა ცდილობდა, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილიც. ივანიშვილს უნდა, რომ გაუფასურებული რკინიგზა პირად საკუთრებაში წაიღოს და ეს არ არის საოცარი იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს - მან ბოლო ოქრო წაართვა ქართველ ხალხს და ზედ დააყოლა ისტორიული ძეგლი იმისათვის, რომ პირად საკუთრებაში მოექცია ეს ყველაფერი. არ შეიმჩნიოთ ის, რომ ყველა გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამიდან ფულს აძლევთ მხოლოდ ახლობლებს და ნათესავებს. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იყო ნადარეიშვილი და ახლა რომ შევიდეს საჩივრები, რომ მან არ გამოიძია გადაცდომები? ახლა ვინც საჩივარს შეიტანს, ჩააყენებთ რიგში, რომელიც მოუწევთ 20/30-ის მერე... ამიტომ, ამ ყველაფერს რომ არ შეიმჩნევთ, საბოლოო ჯამში, მინდა, ერთი მაინც გაითვალისწინოთ - თქვენთვის განაჩენს წერს არა რომელიმე თქვენი ნათესავი, ახლობელი თუ თქვენთან გარიგებაში შემოსული ერთი, რომელიმე კონკრეტული მოქალაქე, არამედ თქვენთვის განაჩენს წერს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და თქვენ ამ განაჩენს აუცილებლად მოისმენთ 21 მარტს რუსთაველზე, რომელიც აღსრულდება პირველივე არჩევნებზე", - განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები