სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

კვირიკაშვილი: უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს. იმ შემთხვევაში, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმები, ეს არის სხვა ქონებით ჩანაცვლების მექანიზმები, ობლიგაციების მექანიზმები, მაგრამ იმაზე, რომ ამ მიმართულებით სამართლიანობა უნდა აღდგეს, ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი ნადარეიშვილი იქნება.

ნადარეიშვილის თქმით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება. 

კომენტარები