სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

ღარიბაშვილი: საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება

ტაბულა

საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროკურატურამ წინა მთავრობის მიერ დაზარალებული ხალხის საქმეების შესწავლა დაიწყო და დაზარალებულთა უფლებების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.

პრემიერმინისტრის თქმით, ორ წელზე მეტი გავიდა, რაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ხალხმა, თუმცა იარები მოუშუშებელია და სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, ეს ასევე დარჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოქალაქეს აღუდგა უფლებები, დარჩა იარები და ამ იარებს მოშუშება ჭირდება და იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს და გვაწუხებს ჩვენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე, ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, დღეს ის ადამიანები, რომლებზეც იძალადეს, ქონება წაართვეს, ციხეში უსასტიკეს პირობებში ამყოფებდნენ, მოთმინებით ელოდებიან პასუხს.

„გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულება, როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 000 ადამიანი. 300 000 საქართველოს მოქალაქე, 4,5-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი რიცხვია და ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალსა და ადამიანობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას დრო სჭირდება.

„რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ჩვენ ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაბიჯებს შეიძლება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისათვის საქართველოში.

„საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლები შესაძლოა ჩადენილი დანაშაულისთვის არ დაისაჯონ.

„მათ, ვინც შესაძლოა გადაამეტეს უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ჩვენ მთავარ აქცენტს, დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე ვაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ასევე სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

„მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანი საქართველოსკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ განცდა და გარანტი იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო იცავს მათ უფლებებს, ღირსებას, საკუთრებას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს.

ნადარეიშვილის თქმით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება. 

კომენტარები