კრიზისი უკრაინაში

ნორმანდიის ოთხეული ცხელ წერტილებში დამკვირვებელთა განლაგებაზე შეთანხმდა

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

ნორმანდიის ოთხეული კონფლიქტის ზონის ცხელ წერტილებში ეუთოს დამკვირვებელთა განლაგებაზე შეთანხმდა. სატელეფონო საუბრისას უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტებმა და გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტეს, რომ დამკვირვებლები 10 ადგილას იქნებიან მივლენილი, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველაზე ხშირად ირღვევა. ეუთოს დამკვირვებლები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს მხარეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

"საფრანგეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მინსკის შეთანხმება სრული მოცულობით, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. არ არსებობს არანაირი გამონაკლისი, ცეცხლის შეწყვეტა და მძიმე შეიარაღების გაყვანა აუცილებელია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

"მივესალმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ზავი ძალიან მყიფეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით პირობები საერთო ჯამში სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცეცხლი და უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მყარი საფუძველი შეიქმნას", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები