ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მომტანს უწოდებს. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას კიდევ უფრო ხდის რუსეთზე დამოკიდებულს.
"რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადება კიდევ ერთი უზარმაზარი ზიანია საქართველოს ინტერესებისათვის. NATO ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია და, შესაბამისად, ის არა უბრალოდ მიზანია, არამედ საშუალებაა იმისა, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს კეთილდღეობა და განვითარება. იმის თქმა რუსეთისათვის, რომ საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ზიანი და ეს მხოლოდ წაახალისებს რუსეთის კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებებს საქართველოში.
კიდევ ერთი პრობლემა, ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებს. მისი განცხადებები შევარდნაძის პერიოდის კლასიკური ფორმულაა, როდესაც ის კონფლიქტის მოგვარების გასაღებს მთლიანად აბარებს მოსკოვს და იმის სანაცვლოდ, რომ დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენოს შექმნილი საერთაშორისო კონტექსტი, ამის სანაცვლოდ, კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის საქართველოს ბედს რუსეთზე. საერთაშორისო კონტექსტი დღეს საშუალებას გვაძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლით, დასუსტებული რუსეთის ფონზე, დასავლეთი მას აიძულებს უკან დააბრუნოს ყირიმი და აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ამავე კონტექსტში მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - თქვა ჭიაბერაშვილმა.
"თუ რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთთან და ოსეთთან ჩვენს დიალოგს, მზად ვართ, მათი სტატუსის საკითხი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ", - ამის შესახებ РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"თუ დიალოგი დაიწყება და რუსეთი სინამდვილეში ხელს შეუწყობს და მოტივირებას მოახდენს პირდაპირი დიალოგის ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის, მზად ვართ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები გარკვეული დროით გვერდზე გადავდოთ და ისეთი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ბიზნესი, განათლება, ჯანდაცვა, წყალი, გაზი. მოდი, გადავწიოთ საერთო წითელი ხაზები და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებით", - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ დასძინა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გარდა, საქართველო სხვა ვარიანტს არც კი განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიდან სწორი განცხადებები კეთდება, თუმცა ხანდახან ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
"თუ მოსკოვი მართლა დაინტერესებულია და გადაწყვეტს, რომ ასეთი დიალოგი უნდა შედგეს, ამას მალე შევამჩნევთ და დავინახავთ. თუმცა განცხადებები პრინციპში სწორია. თუმცა ჟენევაში 2008 წლიდან არანაირი წინსვლა არ არის, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პოლიტიკური დიალოგი პირადად უნდა დაიწყოს. ასევე დასძინა, რომ რუსეთი ამ საქმეში დახმარებისთვის მზადაა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აბაშიძემ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.





