კრიზისი უკრაინაში

ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომს გამორიცხავს

Russian President Vladimir Putin waits for a meeting with Chinese President Hu Jintao at the APEC summit in Vladivostok
REUTERS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Россия 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს გამორიცხავს. ამავე დროს, ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინელი კოლეგის განცხადებები ყირიმის დაბრუნების შესახებ და აღნიშნა, რომ ყირიმელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. კითხვას, აღიარებს თუ არა მოსკოვი სეპარატისტული ე. წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, პუტინმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

"არ მგონია, ასეთი აპოკალიპტური სცენარები, როგორიცაა ომი უკრაინასთან, შესაძლებელი იყოს და იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა. რაც შეეხება რაღაც ტერიტორიების დაბრუნებას, ეს რევანშიზმია და ისეთი დიდი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებამ, როგორიცაა უკრაინა, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყანა უნდა დაუბრუნოს ნორმალურ ცხოვრებას, მიხედოს ეკონომიკას და დონბასში მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობა ცივილიზებული გზით მოაგვაროს. თუ მინსკის შეთანხმება შესრულდა, ეს ასეც მოხდება. ყირიმში მცხოვრებმა ადამიანებმა თავისი არჩევანი გააკეთეს. ამას პატივი უნდა ვცეთ და რუსეთსაც სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორებიც ახლო და შორეულ საზღვარგარეთში საბოლოო ჯამში ამას იმავენაირად მიუდგებიან, რადგან ჭეშმარიტების უმაღლესი კრიტერიუმი ამ შემთხვევაში ხალხის აზრია", - თქვა პუტინმა.

კომენტარები