დავით კირკიტაძის საქმე

კირკიტაძე: ეს არის პოლიტიკური დევნა, ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის

ტაბულა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც კირკიტაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ის სასწავლებლად არის წასული და ივლისამდე დაბრუნებას არ აპირებს. ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

"ეს არის პოლიტიკური დევნა, იქიდან გამომდინარე, რომ მე 2011 წლიდან 2015 წლის 4 იანვრამდე ვიყავი ქვეყანაში და ვცდილობდი, ქვეყანა არ დამეტოვებინა დიდხანს და თუ რამე კითხვები ჰქონდა გამოძიებას, მე მზად ვიყავი, მეპასუხა. 4 იანვარს თბილისის აეროპორტიდან წამოვედი, დავტოვე ქვეყანა და წამოვედი სასწავლებლად. ეს მათ კარგად იციან, ივლისის თვეში მთავრდება კურსი და ვერანაირად ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას. მათ დრო იხელთეს და წამიყენეს ბრალი. 10 ივლისს მიმთავრდება სწავლა, ვაპირებ ქვეყანაში დაბრუნებას და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, თუკი რამე კითხვა აქვს გამოძიებას. ხოლო რაც შეეხება ბრალს, სასაცილოდაც არ მყოფნის, ნანდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეწყვეტას იმისდა მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ", - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე. გამოძიების ვერსიით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ.

"თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი. ვინაიდან დავით კირკიტაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას დადგენილება ბრალდების შესახებ წარედგინება დაუსწრებლად და საქართველოს მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები