დავით კირკიტაძის საქმე

სასამართლომ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ უცვლელი დატოვა

დავით კირკიტაძე
რუსთავი 2

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ უცვლელია. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. 

დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიება ადრეც მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. 

გიორგი კონდახიშვილმა თქვა, რომ მათ 2000-ზე მეტი თავდების ხელმოწერა წარადგინა, სასამართლო სხდომას კი პარლამენტის ის წევრები დაესწრნენ, რომლებმაც თავდებობას ხელი მოაწერეს. ასევე, მან მოსამართლეს აიდი ბარათის და პასპორტის ჩაბარება შესთავაზა, ვინაიდან ბრალდება აქცენტს მიმალვის საფრთხეზე ამახვილებდა, ასე კი კირკიტაძე ვერსად წავიდოდა. 

კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა: 

"კირკიტაძის მხრიდან მიმალვის საფრთხეზე იყო აქცენტი გაკეთებული. წინა სხდომაზე წარმოგიდგინეთ ხელმოწერები, ამჯერად კი ეს ადამიანები წარმოვადგინეთ ადგილზე. პატიმრობის განგრძობადობის შესახებ არ არსებობს საფუძველი. რადგან თავდები პირები არ იყვნენ წარმოდგენილი და თქვენ თქვით, რომ არ იყო მზაობა მათი მხრიდან კირკიტაძის თავისუფლებისა და მისი შემდგომო მოქმედების პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ პარლამენტის 11 მარტის მიმართვა სასამართლოსადმი. და 2000-მდე ადამიანის ხელმოწერა. აქ წარმოდგენილია სია, არინ წარმოდგენილი პირადი ნომრით და შეგიძლიათ თითოეული მათგანი გამოკითხოთ.

არ გაგიკეთებიათ განმარტება, თუ ანალოგიური ბრალდებით დაკავებულს უზრუნველყოფს გირაო, მაშინ კირკიტაძე, რომელიც თავისი ფეხით დაბრუნდა სხვა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ეს ვერ გახდება მისი მხრიდან მიმალვის მიზეზი. აიდი და პასპორტი შესაძლებლობას მოუსპობს მას თუნდაც, ჰიპოთეტურად მიმალვის შესახებ. მას უნდა მიეცეს საშუალება პატიმრობის გარეშე სასამართლოს გაგრძელების საშუალება,“- განაცხადა კონდახაშვილმა.

თუმცა, პროკურორ სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი ახალი გარემოება, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებას და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

კომენტარები