დავით კირკიტაძის საქმე

რუსთავის საქალაქო სასამართლომ კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ტაბულა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რითიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომელიც პროცესს ესწრებოდა. 

პროცესზე სიტყვით გამოსვლისას დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ის არ ენდობოდა სასამართლოს და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა. 

"თავისუფლება მიშას და გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს". – თქვა გასვლამდე დავით კირკიტაძემ. 

ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

დავით კირკიტაძემ პროცესზე შესვლამდე თქვა, რომ ის სასამართლოს არ ენდობოდა და პროცესზე ერთადერთი მიზნით შედიოდა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსობაში ემხილა. 

გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, 4 თებერვალს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ დავით კირკიტაძის მიამრთ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ნიშნავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (ჩადენილი ორი პირის მიმართ). დავით კირკიტაძეს ერთად პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ სამი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერები კირკიტაძის შტაბთან მის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აპროტესტებდნენ, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერებთან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. კირკიტაძის საარჩევნო შტაბის წევრის ცნობით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები კირკიტაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ. 

პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დავით კირკიტაძის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. 

კომენტარები