ქართველი დეპუტატები პარლამენტარის სამკერდე ნიშნის დამზადებასა და გადაცემას ითხოვენ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საკითხი საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დავით ლორთქიფანიძემ დასვა. მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც "ზარაფხანის" დირექტორი იყო, კომპანიამ ორჯერ მიიღო პარლამენტისგან შეკვეთა სამკერდე ნიშნის დამზადებაზე, რაც დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
ინტერპრესნიუსის ცნობითვე, როგორც საკითხის განხილვისას გახდა ცნობილი, პარლამენტარის სამკერდე ნიშანი რამდენიმე დეპუტატმა პირადი ინიციატივით დაიმზადა. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, ის საკუთარი ხარჯებით დამზადებულ სამკერდე ნიშანს ატარებს. მან აღნიშნა, რომ მინანქარში დამზადებული ვერცხლის თითო სამკერდე ნიშანი 50 ლარი ჯდება, რაც 150 პარლამენტარისათვის 7500 ლარზე მეტი არ იქნება. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კოლეგებს აღნიშნული საკითხის ხაზინადართა საბჭოს სხდომაზე დაყენებას დაჰპირდა.





